დეკემბერი 06, 2013

„ენერჯი გრუპმა“ კომისია შეცდომაში შეიყვანა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში მონაწილიების მისაღებად შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ზემოთ ხსენებული გარემოებები არ იყო გახმოვანებული. კომპანიამ კომისიის წევრები შეცდომაში შეიყვანა - დაუმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე  ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 8 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოწვეული იქნება შპს „ენერჯი გრუპის“ წარმოამდგენელიც და მას საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება მიეცემა.

 

 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე, კომისიის აპარატს ტელეკომპანია „TV3“-ის საკითხის შესწავლაც დაევალა, რადგან ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბატონი კახა ბაინდურაშვილია.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები