მაისი 29, 2009

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 29 ქვეყნის საკომუნიკაციო სექტორი შეაფასა

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 29 ქვეყნის (დსთ და ევრო კავშირი) საკომუნიკაციო სექტორის კვლევა ჩაატარა და საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში საკომუნიკაციო სექტორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტთან შესაბამისობის შემოწმებას, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა.

ამ თემაზე დღეს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომლსაც კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, სოფიო ბრიტანჩუკმა გახსნა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ქვეყნების შეფასება შემდეგი კრიტერიუმების შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბა: ურთიერთჩართვა და ქსელის ელემენტებთან დაშვება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების კონცეფცია და კონკურენციის მექანიზმების უზრუნველყოფა, ბაზარზე დაშვება (სადენიანი და უსადენო ქსელში), დავების განხილვისა და გასაჩივრების პროცედურები და მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს შორის უმაღლესი შფასება მიიღო. EBRD-ის კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები