ოქტომბერი 23, 2012

გადაცემა „სუბიეტურ აზრში“ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაჟღერდა

2012 წლის 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ საუბარი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეეხო.

გადაცემის ერთ–ერთი წამყვანი საუბრობდა, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტზე, რადგან ის ფლობს წილს სარეკლამო კომპანია „მაგი სტილი მედიაში“.

კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არა ერთხელ გაუკეთებია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციები და მაუწყებლობა. სარეკლამო ბიზნესი კომისიის რეგულირების სფეროში არ შემოდის. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ირაკლი ჩიქოვანს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.

გადაცემის წამყვანი ასევე, საუბრობდა სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კანონით დადგენილი სარეკლამო დროის ლიმიტების დაცვაზე. და აქვე მიუთითებდა, რომ კომისია გარკვეული სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან სარეკლამო დროის ლიმიტების დარღვევის შესახებ რეგიარებას არ ახდენდა. გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტების დარღვევის გამო სანქცია ორჯერ დააკისრა. ანალოგიური დარღვევის გამო ტელეკომპანია „იმედიც“ დაჯარიმდა.

ღია ეთერში წამყვანებმა ასევე, განაცხადეს რომ კომისიამ კანონი შეცვალა და სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტები გაზარდა. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება სცილდება კანონშემოქმედებას. საქართველოში კანონებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო იღებს. კომისიას საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. შესაბამისად კანონში ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტმა და არა კომისიამ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები