მაისი 14, 2013

„გიგიმ უკეთ იცის“ - კომერციული რეკლამაა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო გამჭვირვაალობა საქართველოს 2013 წლის 21 მარტის განცხადების საფუძველზე,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული თბილისის მერიის რეკლამის კომუნალური მომსახურებისათვის მოსახლეობისათვის გადაცემული ვაუჩერების შესახებ, შესწავლა დაასრულა.

გთავაზობთ კომისიის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ14) პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია როგორც  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

თბილისის მერიის რეკლამაში კომუნალური მომსახურებისათვის მოსახლეობისათვის გადაცემული ვაუჩერების შესახებ, მოცემულია ინფორმაცია ვაუჩერის გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო მოქმედი გმირები გამოხატავენ მადლიერებას თბილისის მერიის და პირადად თბილისის მერის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული რეკლამის შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდში მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის, თბილისის მერის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით გავრცელებული რეკლამა ცალსახად ვერ ჩაითვლება  პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამად, ვინაიდან  რეკლამის სამაუწყებლო ეთერში განთავსების პერიოდში არ მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად, მასში ვერც საარჩევნო სუბიექტი და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ვერ იქნებოდა ნაჩვენები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირის სარეკლამო რგოლში გამოჩენა  ვერ დაისახავდა მიზნად საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

აღნიშნულ რეკლამასთან დაკავშირებით კომისიამ დამატებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელეიმედისგან“ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა სახით იქნა განთავსებული სამაუწყებლო რეკლამა ტელეკომპანიების სამაუწყებლო ბადეში. კომისიაში მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, თბილისის მერის რეკლამა როგორც შპს „ტელეიმედის“, ასევე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეთერში განთავსებული იყო როგორც კომერციული რეკლამა.

აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა და ეს საკითხი სცილდება კომისიის რეგულირების სფეროს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები