ივლისი 08, 2011

ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო მაუწყებელს სანქცია დაეკისრა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“, იგივე “myvideotv.ge“–ს სანქცია დაეკისრა.  კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო გაფრთხილება მიეცა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით დაამტკიცა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“. ამ კოდექსის თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებელი ვალდებული იყო შეექმნა თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მაუწყებლის მიმართ არსებული საჩივრის მიუკერძოებელი და სამართლიანი განხილვის საშუალებას მისცემდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში წარმოუდგინოს ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით 2011 წლის 31 მაისს მიმართა, მაგრამ პასუხი დღევანდელ სხდომამდე არ მიუღია. მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მხარემ სხდომაზე წარმოადგინა და აღიარა დარღვევა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები