ოქტომბერი 16, 2013

ITU-ს გენერალური მდივნის მოადგილის ჰულინ ჟაოს ვიზიტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჰულინ ჟაოს მასპინძლობს.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჰულინ ჟაოსთან შეხვედრა კომისიაში 2013 წლის 17 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას წარუძღვება კომისიის თავმჯდომარე, კარლო კვიტაიშვილი. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დელეგაციასთან შეხვედრას ასევე დაესწრებიან კომისიის წევრები და კომისიის აპარატის ხელმძღვანელი პირები.

მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტის მიზანია, საქართველოს ეკონოკმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU) შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში საკითხების განხილვა.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება (ITU) 1865 წელს პარიზში დაარსდა, როგორც საერთაშორისო სატელეგრაფო გაერთიანება. 1932 წელს მან მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება და 1947 წელს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური სააგენტო გახდა. საქართველო, მაშინდელი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლობით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) 1993 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან (ITU) მჭიდრო თანამშრომლობას  ახორციელებს 2000 წლიდან, შექმნის დღიდან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები