იანვარი 16, 2014

„კავკასუს ონლაინს“ სანქცია არ დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება „კავკასუს ონლაინის“ სასარგებლოდ დასრულდა. კომისია, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარს იხილავდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდე.

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“, ინტერნეტპროვაიდერ „კავკასუს ონლაინს“, 2013 წლის ოქტომბერში ქ. რუსთავში ინტერნეტ მომსახურებაზე გამოცხადებული ახალი აქციის პირობების შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული რეკლამის და ქ.რუსთავში განთავსებული სარეკლამო აბრაზე დატანილი ინფორმაციის გამო უჩივლა კომისიაში.

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აზრით, ინტერნეტ მომსახურებაზე გამოცხადებული აქციის პირობების შესახებ მომხმარებლების არასათანადო ინფორმირებას ახდენდა „კავკასუს ონლაინი“, რითაც „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  დარღვევა ხდებოდა.  კერძოდ კი, კომპანიის ვებგვერდზე და ასევე, ქ. რუსთავში სარეკლამო აბრაზე აქციის პირობები სრულად არ იყო ჩამოთვლილი, რითაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდებოდა.

კომისიამ, შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ მართალია, „კავკასუს ონლაინის“ ოფიცილურ ვებგვერდზე (სარეკლამო ბილბორდები კომისიის რეგულირების სფეროში არ შემოდის) ქ. რუსთავში ინტერნეტ მომსახურებაზე გამოცხადებული აქციის პირობები სრულად არ იყო ჩამოთვლილი, თუმცა მომსახურების მიღება კომპანიის ცხელ ხაზე დაკავშირების გარეშე შეუძლებელი იყო. „კავკასუს ონლაინის“ ქოლცენტრთან დაკავშირების შემდეგ კი ოპერატორი სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიდა პოტენციურ მომხმარებელს ინტერნეტ მომსახურების შესახებ.  

საკითხის შესწავლის პროცესში მეორე გარემოებაც გამოვლინდა, „კავკასუს ონლაინი“ აქციის პირობებში ქ. რუსთავში ინტერნეტ მომსახურებაზე ჩართულ აბონენტებს ხელშეკრულებას მომსახურების დაწყების მომენტიდანვე არ უფორმებდა. რაც ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  დარღვევაა. თუმცა, „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე უზრუმველყო ქ. რუსთავში აქციის პირობებში ჩართულ მომხმარებლებთან ხელშეკრულებების გაფორმების დაწყება და საკითხის არსებითი განხილვის სხდომისთვის ყველა აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის მზაობა განაცხადა. კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორი ათასზე მეტი ხელშეკრულებიდან შეარჩია 52 ხელშეკრულება და სატელეფონო გამოკითხვით ყველა აბონენტმა განაცხადა, რომ მათ წერილობითი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული ჰქონდათ „კავკასუს ონლაინთან“.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიღო შპს „კავკასუს ონლაინის“ სასარგებლოდ გადაწყვეტილება ორი ხმით ერთის წინააღმდეგ და არ დააკისრა კომპანიას ჯარიმა 90 ათასი ლარის ოდენობით. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები