მაისი 16, 2008

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული (შემდგომში ”კომისია”) კომისიას განცხადებით მიმართა კავშირ ”ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა” დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საშუალო ტალღოვან დიაპაზონში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის, ამავე დადგენილების მე-3 პუნქტით დადგენილი ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა.

გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა).

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსზე გასატანი რადიოსიხშირეა - 1422 კჰც, რაც მდებარეობს საშუალოტალღოვან დიაპაზონში და უნარიანია მოიცვას საქართველოს მთელი ტერიტორია.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე და 43-ე მუხლების, ამასთანავე ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, 1422 კჰც რადიოსიხშირის გამოყენებით, რაც მდებარეობს საშუალოტალღოვან დიაპაზონში და რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემის სადგურის მომსახურების ზონა - საქართველოს მთელი ტერიტორია;

2. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 2016.00 (ორი ათას თექვსმეტი) ლარით;

3. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2008 წლის 18 ივლისი, 14:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2008 წლის 20 ივნისის 17:00 საათამდე;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები