წვდომის მენიუ

მარტი 27, 2017 14:28

კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო შპს „სტუდია მაესტრო“ და შპს „ტელეკომპანია პირველი“ წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები ხუთ ტელეკომპანიას (შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „იბერია  TV“, შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2“) დაუფიქსირდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე უკვე  შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ საკითხები განიხილა და ორივე ტელეკომპანია პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

შპს „სტუდია მაესტროს“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სამი დარღვევა:

აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ  შპს  „სტუდია მაესტროს“ მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე. 

ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს  „სტუდია მაესტროს“   ეთერში განთავსებულია გადაცემა  „სელფი-მაესტრო“.

აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 11 თებერვალს 19:49 სთ.-ზე განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი ესტუმრა ბრენდულ მაღაზიას „სამსუნგი“ და მაღაზიის მენეჯერთან ერთად მაყურებელს წარუდგინა ახალი „სამსუნგ-გალაქსი ა5“. წამყვანმა და მენეჯერმა ისაუბრეს ახალი მოდელის ტექნიკურ და თვისობრივ მხარეზე, წინა მოდელებთან შედარებით უპირატოსებებზე. ასევე, გადაცემის ბოლო ნაწილში წამყვანის მოთხოვნით მენეჯერმა მაყურებელს წარუდგინა ტელეფონის ღირებულება ბრენდულ მაღაზიაში არსებულ ამ მოდელზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;  ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 

1.1.11 თებერვალი, 07:47 სთ.

ა) ქვიშის ზღაპრის სპონსორია ლიმონათი „ყაზბეგი“. უგემრიელესი, შუშხუნა, სადღესასწაულო. თქვენი და თქვენი პატარების რჩეული ლიმონათი „ყაზბეგი“.

ბ) ქვიშის ზღაპრის სპონსორი „კულა“ გთავაზობთ სიახლეს. გასინჯეთ და ისიამოვნეთ ახალი, არაგაზირებული ლიმონათით „კულასგან“. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე. „კულა“  -  დალიე ხილი!

1.2.11 თებერვალი, 21:30 სთ.

            გადაცემის სპონსორია „ავერსის“ კლინიკა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. „ავერსის“ კლინიკა 10 წელია ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.“ ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას“, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.”  

შპს „ტელეკომპანია პირველის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სამი დარღვევა:

შპს „ტელეკომპანია პირველის“-ის მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის 05 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე.

            ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა  „უძრავი ქონება.“

აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 4  თებერვალს განთავსდა სიუჟეტი ჩინური ელექტრო და დამხმარე ხელსაწყოების მწარმოებელი ბრენდის   INGCO-ს (ინგკოს) შესახებ. ავტორი ყვება INGCO-ს პროდუქციის მიერ მსოფლიო ბაზრის დაპყრობის ისტორიას და ამ წარმატებას მიაწერს ბრენდის დახვეწილ დიზაინს, უმაღლეს ხარისხსა და, რაც მთავარია, მისაღებ ფასებს. ამის შემდეგ ავტორი გადაინაცვლებს ქართველ მომხმარებელზე, რომელსაც INGCO-ს პროდუქციას სთავაზობს კომპანია „ნოვას“ სარეალიზაციო ქსელი მთელს საქართველოში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს კომპანია „ნოვას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ინგკო-ს პროდუქციის ენერგოეფექტურობაზე, ხარისხზე, საიმედოობაზე, მოსახერხებელ ფასებზე. მისი თქმით, „ნოვას“ მაღაზიათა ქსელი თბილისსა და ბათუმში მომხმარებელს ფართო არჩევან სთავაზობს.

„ნოვას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, თავის მხრივ, საუბრობენ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, „ნოვას“ აქციებზე INGCO-ს პროდუქციასთან მიმართებაში. ასევე, ასახელებენ INGCO-ს ვებ-გვერდის მისამართს და მომხმარებელს მოუწოდებენ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას სწორედ ამ გვერდზე გაეცნონ.

სიუჟეტის მიმდინარეობის მანძილზე ორჯერ ამოანათა „ნოვას“ მაღაზიათა ქსელის მისამართებმა და ტელეფონის ნომერმა თბილისსა და ბათუმში: თბილისი, აგლაძის ქუჩა 45, ბათუმი - ბაგრატიონის ქუჩა 105. ტელ.: 593 300 300

            170-წამიანი სიუჟეტის განმავლობაში სრულად ჩანს INGKO-ს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია როგორც მსხვილი კადრით, ისე ასორტიმენტის ზოგადი ჩვენებით.

  1. იმავე გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 12 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა კომპანია „ნოვას“ საგამოფენო და სარეალიზაციო დარბაზებში გასაყიდად წარმოდგენილ სამშენებლო და კერამიკულ-სააბაზანო მასალებსა და პროდუქციას.

            ავტორი დეტალურად ყვება „ნოვაში“ წარმოდგენილი კერამიკული ფილების, ასევე სააბაზანო ინვენტარისა და აქსესუარების შესახებ, ამ პროდუქციის ხარისხსა და ფასდაკლების აქციებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თურქული ბრენდის  Bien-ის კერამიკული ნაწარმის ექსკლუზიური კოლექციის შეფასებას. ავტორი პირდაპირი მოწოდებით მიმართავს მომხმარებელს, სანამ რემონტს დაიწყებდეს, ესტუმროს „ნოვას“.

            კომპანიის მენეჯერების საუბარი ეხება აღნიშნული ბრენდის ნაწარმის პოპულიზაციას, ასევე უპრეცენდენტო ფასდაკლებებსა და სიურპრიზებს. 

  1. სასპონსორო მითითებები:

3.1.11 თებერვალი, 11:10 სთ.

გადაცემა „უძრავი ქონება“

გადაცემის სპონსორია „იზოჯამი“. დაზოგე 90 პროცენტამდე ენერგოხარჯი

ენერგოეფექტიანი საიზოლაციო მასალებით. „იზოჯამი“

ხანგრ.  -  10 წამი.

3.2.  გადაცემა „ავტორბოლა“,  12:24 სთ.

გადაცემა ავტორბოლის სპონსორია მათე მოტორსი, ყველაზე მსხვილი მულტიბრენდული ცენტრი საქართველოში.

ხანგრ.  -  12 წამი.

3.3.  12 თებერვალი

გადაცემა „საქმიანი დილა“,  03:48 სთ.

გადაცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“. წარმოება, იმპორტი, ექსპორტი  -  „ნოვა“  -  იყიდე პირველისგან!

ორივე ტელეკომპანიის შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები დაირღა, რადგან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ჰქონდა ადგილი, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ სხვა მაუწყებლებს, მათი საკითხების საჯარო განხილვა კომისიის უახლოვეს სხდომებზე გაიმართება.

გადაცემების ვიდეო ჩანაწერები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

შპს „სტუდია მაესტრო“;

 

შპს „სტუდია მაესტრო“;

 

შპს „ტელეკომპანია პირველი“;

 

შპს „ტელეკომპანია პირველი“;

 

შპს „ტელეკომპანია პირველი“;

 

შპს „ტელეკომპანია პირველი“;

 

შპს „ტელეკომპანია პირველი“.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები