წვდომის მენიუ

მარტი 31, 2017 14:50

კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო შპს „ტელეიმედი“ და შპს „იბერია TV“ წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები ხუთ ტელეკომპანიას დაუფიქსირდა, შპს „სტუდია მაესტრო“ და შპს „ტელეკომპანია პირველი“ კომისიამ 2017 წლის 23 მარტს წერილობით გააფრთხილა. 30 მარტს გამართულ სხდომაზე კომისიამ შპს „იბერია  TV“-ს და შპს „ტელეიმედის“ საკითხები განიხილა და ორივე ტელეკომპანია პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2“-ის საკითხის განხილვა, ტელეკომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 აპრილს 15:00 საათზე გადაიდო.

კომისიამ მიიჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები დაირღვა, რადგან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ჰქონდა ადგილი, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები