დეკემბერი 15, 2014 14:08

კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (EaPeReg Network) თავმჯდომარე გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  2015 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (EaPeReg Network) თავმჯდომარე იქნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი (EaPeReg Network) ექვს ქვეყანას საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg Network-ის თავმჯომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება, ხოლო  ვიცე თავმჯდომარეობის მოვალეობა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ევროგაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება - ამჯერად შვედეთის მარეგულირებელ ორგანოს.

გაერთიანება ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს (The Austrian Regulatory Authority for Broadcasting and Telecommunications - RTR) წინადადებით 2012 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში, კიშინიოვში EaPeReg Network-ის წესდებაზე ხელის მოწერით შეიქმნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არჩევა თავმჯდომარედ 2014 წლის 11-12 დეკემბერის პრაღის პლენარულ სამიტზე მოხდა. სამიტს გარდა EaPeReg Network-ის ქვეყნებისა, ევროკომისიის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის და ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების BEREC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეები მომდევნო წელს სამუშაო გეგმაზე და განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ.

EaPeReg Network ევრო კომისიის დაფინანასებით წევრ ქვეყნებს დახმარებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარებაში. 2013-2014 წლებში სამუშო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების ანალიზი; ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია და მიდგომები; მობილური და ფიქსირებული ზარების დასრულების ტარიფები; უნივერსალური მომსახურების ვალდებულება; მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო და ეროვნული როუმინგი; ფართოზოლოვანი მომსახურება, NGN, NGA; ხარჯების და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვა და მარეგულირებელი აუდიტი; სიხშირეების მინიჭება, ციფრული დივიდენდი; საბითუმო და საცალო ბაზრების ბენჩმარკინგი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამოწვევები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები