მარტი 25, 2014 22:33

კომისია ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების წინასაორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი  2014 წლის 1 აპრილამდე უნდა გამოაცხადოს.

ამავე კანონის თანახმად, კონკურსი საჯარო ადმინისტარციული წარმოების წესით წარიმართება და კომისია თავისი გადაწყვეტილებით საკონკურსო პირობებს განსაზღვრავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისია 2014 წლის 27 მარტს, 12:00 საათზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად საკონკურსო პირობების პროექტის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ორგანიზებით, 2014 წლის 31 მარტს 10:00 საათზე, სასტუმროში - „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი, 4), საკონკურსო წინადადების უფრო მაშტაბური პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებას დაესწრება, როგორც ადგილობრივ დონეზე ყველა დაინტერესებული პირი, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, მაუწყებლები და საერთაშორისო დონეზე პოტენციური ინვესტორები.

ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები