აგვისტო 07, 2012

კომისია ეხმიანება ვებ–პორტალ „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თითქოს ფერხდებოდეს „Must Carry”-ს განხორციელება

2012 წლის 6 აგვისტოს 11 საათის მდგომარეობით, საკაბელო ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობიდან, რაც ამ პერიოდის მონაცემებით შეადგენს 190 000 – ს, „მეცხრე არხს“ უყურებს 189 249 აბონენტი, მაესტროს 130 073, კავკასიას 159 226 აბონენტი, 25–ე არხს 76 912.

კომისია განმარტავს, კომისიის მიერ ოფიციალურ ვებ გვერდზე 2012 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნებული იქნა იმ საკაბელო ოპერატორების ჩამონათვალი, რომლებსაც 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით კომისიაში გავლილი ჰქონდათ ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებაზე. შესაბამისად, 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საერთო ოდენობამ შეადგინა 114 ავტორიზებული პირი. რაც შეეხება საკაბელო ოპერატორების აბონენტების რაოდენობას, საკაბელო ოპერატორების მიერ აბონენტების ოდენობების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ხორციელდება კვარტალში ერთხელ, აღნიშნული მონაცემები მუდმივად ცვალებადია და ყოველდღიურად იცვლება; შესაბამისად, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ იქნა საკაბელო ოპერატორების მიერ 2012 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, აბონენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 180 000 აბონენტი. “Must Carry”-ს ამოქმდების დღიდან კომისია ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ნორმების შესრულებაზე, მათ შორის ტელეფონოგრამების მეშვეობით ხორციელდება აბონენტების რაოდენობების განახლებული მონაცემების მოძიება  საკაბელო ოპერატორებისგან.  შესაბამისად, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით საკაბელო ოპერატორების აბონენტების რაოდენობა უკვე დაახლოებით 10 000 აბონენტით არის გაზრდილი და შესაბამისად შეადგენს 190 000 აბონენტს.

ამავე დროს, კომისია მოუწოდებს როგორც კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“,  ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო „Must Carry”-ს პრინციპის შესრულება მინიმუმ ორი კვირით დაგვიანდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებაა საკუთარი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო მაუწყებლის სიგნალი. ამდენად, იმისათვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს, აუცილებელია საკაბელო ოპერატორებსა და დაინტერესებულ მაუწყებელს შორის შედგეს კომუნიკაცია. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება (მაგალითად, გარკვეული უნდა იქნას სამაუწყებლო სიხშირე ან თანამგზავრის კოორდინატები, ვიდეო/აუდიო სიგნალის კოდირება, ნაკადის ფორმატი და სხვ.) და მეორეს მხრივ,  საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალის ტექნიკურად მიტანა საკაბელო ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ჩართვის წერტილამდე, ხოლო საკაბელო ოპერატორმა - ამ მიწოდებული სიგნალის გატარება აბონენტებამდე. შესაბამისად, საერთო მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო კომპანიამდე მიტანისთანავე, საკაბელი კომპანიას სჭირდება საათები და არა 2 კვირა სიგნალის აბონენტამდე მისატანად, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ უკვე 2 აგვისტოს არაერთი საკაბელო ოპერატორების  (შპს „გორდა“, შპს „მაგთიკომი“, შპს კავკასუს ონლაინი“) მიერ უზრუნველყოფილი იყო “Must carry”-ს პრინციპის განხორციელება. ამდენად, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია საშუალებების ხელმძღვანელთა მიერ კომისიის განმარტებების დამახინჯება (მოთხოვნის „ხვეწნა-მუდარის წერილად“ მიჩნევა) მიზნად ისახავს პრობლემის ხელოვნურად შექმნას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს.

რაც შეეხება რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარის - ნათია კუპრაშვილის განცხადებას, თითქოს კახეთში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „გორდას“ არ დაუწყია „Must Carry”-ს განხორციელება, არ შეესაბამება სინამდვილეს. შპს „გორდამ“„Must Carry”-ს განხორციელება 2012 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. შესაბამისად, მოვუწოდებთ რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნუ ავრცელებს გადაუმოწმებელ და საზოგადოების შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

რაც შეეხება შპს „მეცხრე არხის“ დირექტორის ბატონი კახი ბექაურის განცხადებას, რომ მას 8 საკაბელო ოპერატორთან, DHL-ის მეშვეობით გაგზავნილი წერილი უკან დაუბრუნდა, კომისია განმარტავს, რომ აღნიშნული 8 საკაბელო ოპერატორიდან 7  საკაბელო ოპერატორს შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მითითებული იყო იმ სიაში, რომელიც გამოქვეყნებულია კომისიის მიერ ოფიციალურ ვებ გვერდზე, შესაბამისად, კომისიისთვის გაუგებარია შპს „მეცხრე არხის“ მიერ რა დანიშნულებით გაიგზავნა წერილები მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ იმ პირებთან, რომლებიც არ ახორციელებენ პრაქტიკულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა რომ ავტორიზაცია გაუქმებული არ აქვთ. რაც შეეხება მე-8 საკაბელო ოპერატორს, აღნიშნული კომპანიის მისამართი გადამოწმდა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში და მონაცემები იდენტურია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები