სექტემბერი 25, 2012

კომისია ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების კვლევას იწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კვლევის დაწყება საზოგადოებაში ინტერნეტპროვაიდერების მიმართ გაჩენილი უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა. კომისიის ოფიციალურ გვერდზე “Facebook”–ზე და ასევე, კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ხშირი იყო ინტერნეტპროვაიდერების მომსახურების ხარისხით და ამ მომსახურებისთვი დაწესებული ტარიფით უკმაყოფილო აბონენტების საჩივრები. სწორედ, ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი და საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ხარისხზე კვლევა შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე კომპანიას ჩაატარებინოს.

კვლევა ჩატარდება საქართველოს სამ მსხვილ ქალაქში: თბილისი,  ბათუმი და ქუთაისი. მონიტორინგი ჩაუტარდებათ ინტერნეტპროვაიდერების „კავკასუს ონლაინის“, „სილქნეტის“ და „ახალი ქსელების“ აბონენტებს. საჭიროების შემთხვეაში, შესაძლებელია მონიტორინგის პროცესში საკვლევი ქალაქების და ინტერნეტპროვაიდერების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდეს, რადგან პროექტის ხანგრძლივობა  სამ წელს შეადგენს.

კომისია სამ წლიანი პროექტის ფარგლებში, ყოველ მომდევნო ეტაპზე, მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები