იანვარი 28, 2015 20:39

კომისია მაუწყებლების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, რადიო „იმედის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსების თაობაზე და „ჯეოსელის“ მიერ არასათანადო რეკლამის დაკვეთის თაობაზე გადაწყვეტილებას 2015 წლის 5 თებერვალს გამოაცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დღეს 2015 წლის 28 იანვარს გამართულ სხდომაზე მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლის თაობაზე იმსჯელა, რომელშიც რამდენიმე ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები მონაწილეობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია. მართალია, აღნიშნული სარეკლამო რგოლი ეთერში გასვლის მერე რამდენიმე დღეში მოიხსნა და დარღვევა აღმოფხვრილია, თუმცა კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ვალდებულია აღნიშნულ დარღვევაზე იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

საჯარო სხდომას, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ეთერშიც გავიდა აღნიშნული სარეკლამო რგოლი და ასევე, სარეკლამო რგოლის დამკვეთის „ჯეოსელის“ წარმომადგენელი. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის დაეფიქსირებინა.

ამავე სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიო „იმედის“ ეთერში განთავსებული იარაღის რეკლამის თაობაზეც იმსჯელა. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. აღნიშნულ შემთხვევაშიც სარეკლამო რგოლი ეთერიდან მოხსნილია და დარღვევა აღმოფხვრილია. სარეკლამო რგოლის შინაარსი შემდეგია: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ...“

ორივე საკითხის განხილვა დასრულებულია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას 2015 წლის 5 თებერვალს 16:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები