მარტი 28, 2014

კომისია შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებაზე 11 აპრილს იმსჯელებს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. კომისია ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას 2014 წლის 11 აპრილს 16:00 საათზე გამოაცხადებს.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები დაედო. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანია 2013 წლის 18 იანვრის შემდეგ მაუწყებლობას არ ახორციელებს. გარდა ამისა, ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე კომპანიას გააჩნია სალიცენზიო (საბიუჯეტო) გადასახადის დავალიანება 12 ათას ლარზე მეტი ოდენობით და ტელეკომპანია „მე-5 არხის“ 50% წილის მფლობელი ქ.ბოლნისის მუნიციპალიტეტია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება. ასევე, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს წარმოადგენს.

საკითხის განხილვის არსებითი სხდომა, 2014 წლის 11 აპრილს 16:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები