მაისი 04, 2015 16:02

კომისია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „გაზეთ ბათემელებმა“ შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

„გაზეთი ბათუმელების“ პრეტენზია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. „გაზეთ ბათუმელების“ 2014 წლის 8-14 დეკემბრის გამოცემაში წმინდა მატათა გიმნაზია-პანსიონის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო გიმნაზია-პანსიონის მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის უთანხმოებაზე. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ამავე თემაზე სიუჟეტი მომზადდა, სახელწოდებით: „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“. გაზეთის რედაქციის აზრით, სიუჟეტი სტატიის საპასუხო მასალას წარმოადგენდა, სადაც არ იყო დაცული ჯეროვანი სიზუსტე და უარყოფითად იყო წარმოჩენილი გაზეთის საქმიანობა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, „გაზეთმა ბათუმელებმა“ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჩივარი ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თვითრეგულირების ორგანოში შეიტანა და გავრცელებული ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. თუმცა, როგორც გაზეთის რედაქცია განმარტავს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ „ბათუმელების“ საჩივარი რეაგირების გარეშე დატოვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს, შესაბამისად, კომისიამ „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარი ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დავის მონაწილე მხარეებს საკუთარი პოზიციების დაცვის და არგუმენტების წარმოდგენის საშუალება მიეცემა, კომისიაში 2015 წლის  21 მაისს 16:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები