ოქტომბერი 19, 2012

კომისია ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ გასულ გადაცემას ეხმიანება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2012 წლის 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გადაცემა „ეკა ბერიძის მთავარ კითხვაში“ კომპანია „სტერეო+“ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

კომისია ადასტურებს, რომ 2012 წლის 18 ოქტომბერს მართლაც ჩატარდა შპს „სტერეო+“ის შემოწმება, 2012 წლის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც მოწვეული იქნება კომპანიის ხელმძღვანელობა, ასევე, ნებისმიერ დაინტერესბულ პირს საშუალება ექნება დაესწროს სხდომას და სურვილის შემთხვევაში საკითხის განხილვის პროცესშიც ჩაერთოს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს დავამატებთ, რადგან საჯარო სხდომაზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

გარდა ამ თემისა, გადაცემის მსვლელობისას შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი დავით ზილფიმიანი მაუწყებლობის სფეროში სხვა მრავალ საკითხს შეეხო და რბილად, რომ ვთქვათ საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.

ბატონმა ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფლობდა სამაუწყებლო ლიცენზიას ქ. რუსთავში, მე–12 მეტრულ არხზე და ამ ლიცენზიის დაფარვის გეოგრაფიული არეალი და სიგნალის გადამცემის სიმძლავრის გაზრდა უკანონოდ განხორციელდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია განმარტავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თავდაპირველად მართლაც ფლობდა სამაუწყებლო ლიცენზიას, მაგრამ არა მე–12 მეტრულ არხზე, არამედ მე–11 მეტრულ არხზე, რომლის დაფარვის გეოგრაფიული არეალი ქ. რუსთავი იყო. თუმცა ამ პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთოდ არ არსებობდა. როგორც კომისიისთვის არის ცნობილი, გასული საუკუნის 90–იან წლებში სამაუწყებლო ლიცენზიებს გასცემდა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრო. სწორედ ამ უწყებამ განახორციელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ლიცენზიაში ცვლილებები. კომისიისთვის უცნობია, რატომ დასჭირდა ბატონ ზილფიმიანს გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში გაცემული სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის და შემდეგ ამ ლიცენზიის მოდიფიცირების ისტორიის გახსენება. კიდევ უფრო დიდ გაუგებრობას იწვევს ამ ისტორიასთან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკავშირება.

ამავე გადაცემაში, ბატონმა დავით ზილფიმიანმა ახსენა ტელეკომპანია „GMG“, რომელიც  8 არხის მაუწყებლობას კი არ ახორციელებს, როგორც მან განაცხადა, არამედ 6 არხს გადასცემს. კომპანია საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაციას ფლობს და ასევე, თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობ–შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კერძო მაუწყებლობის განმახორციელებელი კომპანია, რომელიც მაუწყებლობას ახორციელებს საკაბელო ქსელის ან/და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, უფლებამოსილია საკუთარი სახელითა და სარედაქციო პასუხისმებლობით შექმნას და გაუშვას  არა ერთი, არამედ რამდენიმე სახის სამაუწყებლო პროდუქცია, რადგან მაუწყებლობის ეს ტექნოლოგია არ არის დაკავშირებული ამოწურვადი რესურსით (სიხშირე) სარგებლობასთან. განსხვავებული მიდგომაა სიხშირულ მაუწყებლებთან, ამ შემთხვევაში კონკრეტულ მაუწყებელს სიხშირული სპექტრის გამოყენებით მხოლოდ ერთი სამაუწყებლო არხის გავრცელება შეუძლია.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ბატონი ზილფიმიანის მხრიდან ტელეკომპანია „GMG“–ის ხსენება, კანონდარღვევის ჩამდენი კომპანიის სახით და ასევე, კომისიის როგორც ამ კანონდარღვევის ხელშემწყობი უწყების. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ტელეკომპანია „GMG“–ის რამდენიმე სამაუწყებლო არხის დამზადების და გავრცელების უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ანიჭებს.

გარდა ამისა, გადაცემის მსვლელობისას, ბატონმა ზილფიმიანმა სხვადსხვა სამაუწყებლო კომპანიები დაასახელა და განაცხადა, რომ სხვადსხვა დროს კომისიამ მათ გარკვეული პრობლემები შეუქმნა. თუმცა, კონკრეტულად რა სახის დაბრკოლებებს გულისხმობდა, „სტერეო+“–ის დირექტორი უცნობია, ვინაიდან კონკრეტული ფაქტები დასახელებული არ ყოფილა. კომისიის აზრით, ეს არის შეგნებული მცდელობა ბატონი ზილფიმიანის მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემა „ეკა ბერიძის მთავარი კითხვა“ არ დაკავშირებია და არ მიუცია საშუალება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“  დაიცვას სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები