წვდომის მენიუ

სექტემბერი 30, 2016 19:58

კომისია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა.

დავის საგანი 2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ საეთერო ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მოხსნის საკითხი გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საჯაროდ გავრცელებული განცხადების თანახმად,  ტელეკომპანიის შეფასებით, ვიდეორგოლი ქსენოფობიური შინაარსის მატერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი ეთერიდან მოხსნა. ტელეკომპანიამ ნაცვლად აღნიშნული ვიდეორგოლისა ეთერში ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი სხვა სარეკლამო რგოლით ჩაანაცვლა სადავო წინასაარჩევნო რეკლამა.

საარჩევნო სუბიექტს, მიაჩნია რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უფლებამოსილი არ იყო ეთერიდან მოეხსნა და შეეფასებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი.

საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას სთხოვდა. საარჩევნო სუბიექტის მოთხოვნები იყო: 1. დაევალოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო რეკლამის ტელე-ეთერში აღდგენა; 2. პოლიტიკური სუბიექტისთვის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო საეთერო დროის კომპენსირება; 3. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. თუმცა განხივლის პროცესში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნა დარჩა ძალაში.

საკითხის დაინტერესებული პირების მონაწილეობით არსებითი განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საარჩევნო სუბიექტთან შეთანხმების გარეშე ჩაანაცვლა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რითაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საქალაქო (თბილისი) სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილთან შესაბამისობას, რომლის თანახმად საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სწავლობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები