წვდომის მენიუ

მარტი 29, 2017 17:26

კომისიამ ააიპ „ლურჯი ფარი საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ საჩივარი „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ლურჯი ფარი საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ საჩივარი „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ  ორგანიზაციის მიერ დამზადებული ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციამ ორივე მაუწყებელს მიაწოდა 10 ვიდეო რგოლი და მათ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება მოითხოვა. ორივე ტელეკომპანიამ „ლურჯი ფარი საქართველოს ეროვნულ კომიტეტს“ ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე უარი განუცხადა. ორგანიზაციამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკითხის განხილვის მოთხოვნით კომისიას მიმართა.

კომისიამ შეისწავლა ათივე ვიდეო რგოლი და მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლები არ ემსახურებიან კონკრეტული პროექტის, პროცესის, იდეისა და წამოწყების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ისინი არც ზოგადად რეკლამის დეფინიციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ვიდეო რგოლები ზოგად ხასიათს ატარებენ. ზოგიერთი რგოლი კომერციული რეკლამის ნიშნებს შეიცავს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

კომისიამ მიიჩნია, რომ ააიპ „ლურჯი ფარი საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები კანონის ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ვერ აკმაყოფილებდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები