წვდომის მენიუ

მარტი 31, 2017 14:51

კომისიამ ათ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ათ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

აღნიშნული საფუძვლით ავტორიზაცია შეუჩერდა ცხრა იურიდიულ პირს, ესენია: შპს „ინფო ცენტრი“, შპს „Smart Line”, შპს „Qaudriga EMEA Limited”, შპს „დიაპაზონი“, სს „New Generation Aim“, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძე W M C“, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილი“,                                                     ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძის“ და შპს „ჩინი“. ცხრავე იურიდიულ პირს წერილობით ეცნობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მათი საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. არცერთი კომპანიის წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები საქმიანობას ერთ წელზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში აღარ ახორციელებენ.

ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდა შპს „ბლექსინეტს“, რომელსაც სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, კომისიამ გასული წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წერილობითი  გაფრთხილება და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით უკვე დააკისრა, თუმცა კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევები და კომისიას ზემოთაღნიოშნული ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში არ წარმოუდგინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

ათივე კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები