წვდომის მენიუ

ივლისი 29, 2016 12:38

კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ განიხილა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმდინარე წლის 8 ივნისს წერილით მიმართა  ტელეკომპანია „მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების თხოვნით. სარეკლამო რგოლი ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუმთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

არასმთავრობო ორგანიზაციამ სოციალური რეკლამის განთავსებაზე ტემეკომპანია „მაესტროს“ უარი მიიღო, რის შემდეგაც კომისიას აღნიშნული საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაცია ტელეკომპანიისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამის განთავსების წესის განმარტებას და სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების დავალდებულებას ითხოვდა.

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ სადაო ვიდეო რგოლი აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ტელეკომპანია „მაესტრო“ ვალდებული იყო კანონით განსაზღვრული წესით განეთავსებინა აღნიშნული სარეკლამო რგოლი.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „სტუდია მაესტროს“ დაევალა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვება. ამავე დროს, კომისიამ გამოიყენა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის უფლება გამოიყენა და ტელეკომპანია   წერილობით არ გააფრთხილა. კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ასევე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში განიხილოს შესაბამისი საკითხი და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს სანქცია, მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების მიზანს უნდა წარმოადგენდეს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები