აგვისტო 22, 2014 18:10

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რამდენიმე სეგმეტზე კვლევა-ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.

კვლევა-ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტარციულ წარმოების დაწყებას საფუძვლად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წერილობითი მოთხოვნები დაედო. სამივე კომპანიას მიაჩნია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ზემოთ ხსენებულ ქვესეგმენტებზე მნიშვნელოვნად შეცვლილია ვითარება კომისიის მიერ ბოლოს ჩატარებულ კვლევა-ანალიზთან შედარებით.

კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევისთვის ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზებული პირებისგან ინფორმაციას გამოითხოვს. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები