წვდომის მენიუ

აგვისტო 18, 2017 14:55

კომისიამ ექვს იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თი-ნეტს“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-ს,შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ს და შპს „ევრაზიასელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩეროს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისიის უწყებრივი რეესტრის და კომისიაში თითოეული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ექვსივე კომპანია გასული ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, რაც დაედო საფუძვლად ავტორიზაციების შეჩერებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართონ კომისიას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები