სექტემბერი 02, 2016 13:51

კომისიამ ექვსი ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვსი ტელეკომპანია შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ქართული ტვ“, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილობით გააფრთხილა, რადგან არც ერთ ტელეკომპანიას თავის სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამა არ ჰქონია განთავსებული.

ექვსივე ტელეკომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას. ამავე კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთომაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

აღნიშნული დარღვევა კომისიის წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა. კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

საკითხის განხილვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ ექვსივე ტელეკომპანიის წერილობითი გააფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები