წვდომის მენიუ

მაისი 10, 2016 17:27

კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს ვებ–გვერდზე www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა მოსთხოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსულია შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვის“ განცხადებები ვებ–გვერდზე www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე.

კომისიამ შეისწავლა ზემოაღნიშნული განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის აუდიოვიზუალური პროდუქციის უფლებამფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია) და 2016 წლის 14 აპრილს წერილით N04/1188–16 (თან ერთვის) მიმართა შპს „სი ჯი ელს“  (www.adjaranet.com) და მოსთხოვა 5 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა განცხადებაში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, კომისიამ აცნობა შპს „სი ჯი ელს“(www.adjaranet.com), რომ იმ შემთხვევაში თუ შპს „სი ჯი ელს“ არ გააჩნდა განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაუყონებლივ მოეხდინა აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის www.adjaranet.com ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

შპს „სი ჯი ელს“-მა კომისიაში არ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კომპანიას  ვებ-გვერდიდან www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქცია არ ამოუღია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-101 მუხლის შესაბამისად, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, ხოლო ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციის დაკისრების საფუძველია.

კომისიამ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, შემუშავებული მექანიზმების გამოყენებით მოახდინოთ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება ვიდრე ვებ–გვერდის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი www.adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ ხორციელდება კონკრეტული დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა, კომისიის რეკომენდაციაა ინტერნეტპროვაიდერებმა უზრუნველყონ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე წვდომის შეზღუდვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები