აპრილი 10, 2012

კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ სანქცირების საკითხი განიხილა.

ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია „კავკასუს ონლაინს“  გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ რეტრანსლირებას ედავებოდა. კომისიაში გამართულ სხდომას კომპანიის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ, მათ საკუთარი კომპანიის პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცათ. საკითხთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“  გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას დაევალა შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხები: „Кинопоказ 1HD ”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский мир HD“, „Телепутешествие HD“ ასევე, სამაუწყებლო არხების: HD  Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

შეგახსენებთ, რომ კომისიაში შემოსულია შპს „მაგთიკომის“ წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას ატყობინებს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად კომპანიამ არხ  „THT“-ს, ასევე სხვა ათეულობით არხზე, რეტრანსლირების ნებართვა ვერ მოიპოვა. ამავე წერილით შპს „მაგთიკომი“ კომისიისგან ითხოვს მონიტორინგის განხორციელებას თუ რამდენად მართლზომიერად აქვთ განთავსებული თავიანთ ქსელში სხვა საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული სამაუწყევლო არხები. სწორედ აღნიშნული წერილის საფუძველზე დაწყებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა „კავკასუს ონლაინის“ დარღვევები.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები