წვდომის მენიუ

იანვარი 27, 2017 13:55

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად სამი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  დედაქალაქში საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი კონკურსი გამოაცხადა, ქ. გორში კი კონკურსზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ერთი ლიცენზიაა გამოტანილი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი შპს „სუპერ ტვ“-ს, შპს „ტელე რადიო კომპანია TV-7“-ს, შპს „არტ რადიოს“ და შპს „ახალი რადიოს“ განცხადებების საფუძველზე გამოცხადდა. ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა (90.2FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

კომისიამ დედაქალაქში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო ევრაზიის“ მიმართვის საფუძველზე გამოაცხადა. ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა (90.8FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ქ. გორში კი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ მოითხოვა. ქ. გორში მეტრულ ტალღათა (97.3FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულებამ 6 075 ლარი შეადგინა.

სამივე კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 27 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და აიტვირთება კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge). კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის დასკვნები გამოქვეყნდება კონკურსანტთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე ამავე წლის 4 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2017 წლის 6 აპრილს გაიმარეთება.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები