იანვარი 12, 2016 15:57

კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის მიხედვითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის დროს იხელმძღავნელებს კომისია.

კომისიის დაკვეთით რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა.   

კვლევის საბოლოო მიზანი იყო დაედგინა:

ა) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა, რომელთაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;

ბ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;

გ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე;

დ) რა თემატიკის გადაცემებს ენიჭება უპირატესობა რადიოს მოსმენის დროს;

ე)  რა თემატიკის გადაცემების დეფიციტს განიცდის ქართული რადიოსადგურები;

ვ) რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში: სათემო, სპეციალიზებული თუ საერთო რადიომაუწყებლობის. სპეციალუზებულის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკონკრეტება თუ რა თემატიკის სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის დამატების საჭიროება არსებობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროცესში საქარველოს მასშტაბით 2 700 (ორი ათას შვიდასი) რესპოდენტი პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას. რადიომაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემისას  კი შენარჩუნდა კონკურსის წესი, შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის კვლევა მხოლოდ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩატარდა.

ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საჯარო განხილვის სხდომა 2016 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კვლევასთან მიმართებაში. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები