აგვისტო 20, 2014 11:59

კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური სადგურის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური სადგურის შესაძენად ელექტრონული  ტენდერი გამოაცხადა.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად კომისიის ფუნქციას რადიოსიხშირული სპექტრის განაწილება, სიხშირეების მინიჭება,  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი წარმოადგენს.

საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ინტენსივობის გათვალისწინებით, ასევე, ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესში და 2014 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი  მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების ქსელებისთვის (LTE) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების პროცესში კომისიაზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე პროგრამული სისიტემების და მობილური სადგურის შეძენა. კომისიას რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და მობილური სადგური ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნითაც სჭირდება.

საერთაშორისო ტენდერის  დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=122525&lang=ge

ტენდერში მონაწილეთა დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2014 წლის 29 აგვისტოს და გაგრძელდება 3 სექტემბრის 15:00 საათამდე.

კომისია ტენდერის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სატენდერო კომისიის სხდომაზე, სადაც ტენდერში გამრჯვებული კომპანიის დოკუმენტაცია განიხილება, დამკვირვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოიწვევს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები