დეკემბერი 10, 2015 17:57

კომისიამ რამდენიმე ავტორიზებულ პირს ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო სამ კომპანიას სანქცია დააკისრა.

შპს „რიმასი“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, კომპანიას რამდენიმე თვის განმავლობაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ასევე, რეგულირების საფასურის განგარიშებები. კომპანიას მსგავსი დარღვევის გამო უკვე ჰქონდა მიღებული წერილობითი გაფრთხილება, ამიტომ, ამჯერად 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

შპს „ვესტნეტი“ WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებას ხობის მუნიციპალიტეტში ეწევა, კომპანიას კომისიაში  არ ჰქონდა წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და  რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, საკითხის შესწავლის პროცესში ასევე, გამოირკვა, რომ შპს „ვესტნეტმა“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი და კანონით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობა კომისიას აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ. აღნიშნული დარღვევის გამო კომპანია წერილობით გაფრთხილდა.

და ბოლოს, კომისიამ წერილობით გააფრთხილა შპს „ჯითიესი“, რომელსაც ასევე, არ ჰქონდა წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის განგარიშებები.

სამივე კომპანიას კომისიაში ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები