მაისი 01, 2014

კომისიამ „რუსთავი2“-ის, „ტელეიმედის“ და „მაესტროს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისას დარღვევევბი აღმოუჩინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “ტელეიმედი”„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი სარეკლამო ლიმიტების დარღვევისთვის  სანქცია, წერილობითი გააფრთხილება დააკისრა. ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის განხილვა კი 2014 წლის 8 მაისს 16:00 საათზე გაგრძელდება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა ამ არხების მონიტორინგი მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდში ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 28 თებერვალს „ტელეიმედის“ საზოგადეობრივ-პოლიტიკური გადაცემა „რეაქციაში“ განთავსებულმა რეკლამამ 7 წუთს გადააჭარბა, 7 მარტს კი სარეკლამო რგოლები 9 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და რეკლამის ხანგრძლივობა 300 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

 „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის იგივე მუხლი დაარღვია „რუსთავი 2“-მაც 28 თებერვალს გადაცემა „არჩევანის“ რეკლამით შეწყვეტის დროს, ამ გადაცემაში სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობამ 6 წუთს გადააჭარბა.

სარეკლამო დროის ლიმიტები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 27 თებერვალსაც დაარღვია, სერიალი „ტიტების დრო“ 13 წუთის შემდეგ შეწყდა რეკლამით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კი რეკლამისათვის განსაზღვრული წყვეტებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კანონის დარღვევა ორივე ტელეკომპანიის წარმომადგენელმა აღიარა. კომისიამ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2-ს და  „ტელეიმედს“ სანქცია, წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

ამავე სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია  „მაესტროს“ სანქცირების საკითხიც განიხილა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 13 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ დაწყებიდან რეკლამით 4 წუთში  შეწყდა, რაც კანონის დარღვევაა, რადგან რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ იგივე სახის დარღვეა ტელეკომპანია „მაესტროს“ 17 მარტსაც უფიქსირდება.

კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა 2014 წლის 8 მაისს 16:00 საათზე გადადო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები