დეკემბერი 30, 2015 11:39

კომისიამ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურება სულ ცოტა ორ ქვეყანაში განუხორციელებია და აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის წლიური საფასური არ  აღემატება 500 000 ევროს.

ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი საკონკურსო საბჭოს თერთმეტ წევრიანი შემადგენლობა. საკონკურსო საბჭოში წარმოდგენილია ხუთი კომისიის აპარატში დასაქმებული პირი, ხუთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის : შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“, სს „სილქნეტის“,  შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 25 თებერვლის 10:00 საათიდან  დაიწყება და 2016 წლის 11 აპრილის 19:00 საათამდე იწარმოებს.

საკონკურსო საბჭოს პირველი შეხვედრა დაგეგმილია 2015 წლის 12 აპრილს 15:00 საათზე, საბჭო გადაწყვეტილებას სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევის თაობაზე პირველი შეხვედრის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები