წვდომის მენიუ

სექტემბერი 27, 2016 16:33

კომისიამ საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საჩივარის განხილვა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა.

დავის საგანი 2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ საეთერო ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მოხსნის საკითხი გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საჯაროდ გავრცელებული განცხადების თანახმად,  ტელეკომპანიის შეფასებით, ვიდეორგოლი ქსენოფობიური შინაარსის მატერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი ეთერიდან მოხსნა.

საარჩევნო სუბიექტს, მიაჩნია რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უფლებამოსილი არ იყო ეთერიდან მოეხსნა და შეეფასებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი.

საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას სთხოვს. საარჩევნო სუბიექტის მოთხოვნებია: 1. დაევალოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო რეკლამის ტელე-ეტერში აღდგენა; 2. პოლიტიკური სუბიექტისთვის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო საეთერო დროის კომპენსირება; 3. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ზემოთ აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვის სხდომა მიმდინარე წლის 30 სექტემებრს 15:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილთან შესაბამისობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სწავლობს. აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები