ნოემბერი 26, 2015 15:06

კომისიამ საინფორმაციო სააგენტოებს www.reportiori.ge-ს და www.mpress.ge-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო სააგენტოებს  www.reportiori.ge-ს და www.mpress.ge-ს საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

ორივე საინფორმაციო სააგენტოს კუთვნილ ვებგვერდებზე 2015 წლის 30 ოქტომბერს (პარლამენტის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე) გამოქვეყნდა ინფორმაცია საგარეჯოს ამომრჩეველთა საარჩევნო განწყობების კვლევის შედეგების შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50–ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამავე კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეპორტიორს“(www.reportiori.ge) და შპს „VS“–ს (www.mpress.ge) მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად გადააგზავნა.

ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ კომისიას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ – (ISFED) მომართა, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N136/20015 განკარგულების თანახმად შუალედური არჩევნების დამკვირველი ორგანიზაციაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები