ნოემბერი 07, 2014 16:08

კომისიამ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების ტარიფი 370 ლარამდე დაწია ნაცვლად დღეს მოქმედი ტარიფისა 900 ლარიდან 1400 ლარამდე, ხოლო სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების ტარიფი 2.20 ლარამდე, ნაცვლად 11.68 ლარისა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი ჩაატარა, გამოავლინა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და დაუწესა მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ახალი სატარიფო რეგულაცია.

კვლევის შედეგად საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებად კომისიამ შემდეგი ავტორიზებული პირები მიიჩნია: ქ.თბილისში -   სს „სილქნეტი“; ქ.რუსთავში –   სს „სილქნეტი“ და  შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; ქ.ზესტაფონი – სს „სილქნეტი“ და  შპს „ახალი ქსელები“; დანარჩენი საქართველო - სს „სილქნეტი“. ამავე გადაწყვეტილებით, ხსენებულ კომპანიებს იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ცნობილ იქნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორებად დაუწესდათ ახალი სატარიფო რეგულაცია - 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილში კილომეტრზე  ერთ არხის გატარების ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით, გადასახადების გარეშე. ტარიფი ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შედის. აღნიშნულ მომსახურებაზე  დღეს მოქმედი ტარიფი კომისიამ 2008 წელს დააწესა და ის გეოგრაფიული ზონის გათვალისწინებით 900 ლარიდან 1400 ლარს შორის მერყეობდა.

სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის  სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შედეგად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებად კომისიამ შემდეგი ავტორიზებული პირები ცნო: ქ.თბილისში -   სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“;ქ.ქუთაისში – სს „სილქნეტი“ და შპს „ახალი ქსელები“; ქ.რუსთავში –   სს „სილქნეტი“ და  შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; ქ.ზუგდიდში – სს „სილქნეტი“ და  შპს „ივერია ქსელი“; ქ.ზესტაფონი – სს „სილქნეტი“ და  შპს „ახალი ქსელები“; ქ.სამტრედია - სს „სილქნეტი“; ქ.თერჯოლა – სს „სილქნეტი“ და შპს „ახალი ქსელები“; დანარჩენი საქართველო - სს „სილქნეტი“. სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად კომისიამ აღნიშნულ კომპანიებს ახალი სატარიფო რეგულაციაც დაუდგინა და სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი  თვეში 2,20 ლარის ოდენობით, გადასახადების გარეშე განუსაზღვრა, ნაცვლად 2007 წელს დაწესებული ტარიფისა  11.68 ლარის ოდენობით.  ეს ტარიფიც 2015 წლის 1 იანვირად შედის ძალაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.

კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნობილი ყველა კომპანია ვალდებულია 2014 წლის 15 დეკემბრამდე  საჯაროდ გამოაქვეყნოს საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების  განახლებული შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა).  დოკუმენტში ასახული უნდა მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები