ივნისი 03, 2015 12:27

კომისიამ საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სს „სილქნეტსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შორის დავას განიხილავს.

დავის საგანი სს „სილქნეტის“ ქსელში ლოკალური ზარებისთვის გამოყოფილი არხის საშუალებით შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს საერთაშორისო ტრაფიკის (ზარების) დასრულებაა. სს „სილქნეტის“ მიიჩნევს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“, სავარაუდოდ, შეცვლილი ,,A” ნომრით (ზარის წამოწყების ნომერი) „სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარებს ასრულებდა როგორც ადგილობრივს.

საკითხის განხილვის პროცესში გამოირკვა, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან -   შპს ,,ჯეო ლაინსა“ და შპს ,,ტბკომ“-თან, რომლებიც არ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს.  ამ კომპანიების დროებით მფლობელობაში არსებული ნომრების გამოყენებით სს „სილქნეტის“ ქსელში მოკლე პერიოდში განხორციელდა 5 მილიონ წუთზე მეტი, ზარი ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით, სავარაუდოდ შეცვლილი ,,A” ნომრით (ზარის წამოწყების ნომერი).

მიუხედავად მცდელობისა, კომისიამ ინტერნეტ სივრცეში (გამოყენებული იყო google-სა და yahoo-ს საძიებო სისტემები) აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით ვერ მოიპოვა რაიმე სახის ინფორმაცია, კომისიამ მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარა შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები, რის შესახებ შესაბამისი  შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად გაეგზავნათ მათ და განემარტათ კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე. 2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე, მოწვევის ჩაბარების მიუხედავად არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი  არ გამოცხადდა. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს. ასევე, ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე. ხოლო ლოკალური სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე (ადგილობრივ ზარებზე) დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე (კომისიის 2010 წლის 9 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით დასრულებას, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და სს „სილქნეტისთვის“ ქონებრივი ზარალის მიყენებას. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი  კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სს „სილქნეტსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შორის დავის განხილვას აგრძელებს, სხდომა 2015 წლის 11 ივნისს 16:00 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს აბონეტებს -   შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომს“, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა შემდგომი შესწავლის მიზნით.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები