წვდომის მენიუ

ივნისი 23, 2017 13:07

კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.

დავის საგანი საზოგადოებრივი მაუწყებელის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მიერ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეო რგოლის განთავსებაზე უარი გახდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661-ე მუხლის, მე-21 პუნქტის თანახმად,  თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

ამავე კანონის თანახმად, სოციალური რეკლამა განიმარტება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე გაიმართა, განხილვას ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი ესწრებოდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა.

კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა და ზემოთაღნიშნულ მაუწყებლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარდგენის შემთხვევაში  სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება დაავალა.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები