წვდომის მენიუ

აგვისტო 07, 2017 18:51

კომისიამ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელის“ მიმართ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის“  წინააღმდეგ  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  საჩივარი განიხილა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ გადაღებული ვიდეო რგოლი წარუდგინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით. მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო რგოლი არ განათავსა, რადგან მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლში არ იყო ნაჩვენები, რომ მომსახურება უფასო იყო და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა.

საკითხის შესწავლის პროცესში კომისიამ მოდავე მხარეების პოზიცია საჯარო სხდომაზე მოისმინა და მიიჩნია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, ვინაიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და მათი უფლებების დაცვა ცალსახად წარმოადგენს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას. ასევე, ვიდეო რგოლი საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისკენ და  საქველმოქედო მიზნების მიღწევისკენ იყო მიმართული. ამასთან, კომისიამ განმარტა, რომ ვიდეო რგოლი არ შეიცავდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. მართალია, ვიდეო რგოლში მითითებული იყო ორგანიზაციის ტელეფონის ნომრები და მისამართები, თუმცა აღნიშნულის მითითება აუცილებელია, იმისთვის რომ საზოგადოებამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში იცოდეს ვის და სად მიმართოს.

კომისიამ გაიზიარა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიცია, რომ ვიდეო რგოლში  დასაზუსტებელია, რომ მომსახურება რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო. 

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, კომისიამ „საზოგადოებრივ მაუწყებლს“ სამაუწყებლო ბადეში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დამზადებული დაკორექტირებული ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება დაავალა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები