წვდომის მენიუ

ოქტომბერი 03, 2016 17:41

კომისიამ შალვა რამიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლენილ იქნა კომპანია ,,GFK“-ის მიერ სოციალური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება აკრძალულია და ამ მოთხოვნის დაცვაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს რეაგირებას მოცემულ ფაქტზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  წერილობით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქმესთან არსებული დოკუმენტაცია სრულად გამოითხოვა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო კომისიამ მხარეებს ინფორმაციის წარმოსადგენად ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების თაობაზე კომისია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები