იანვარი 15, 2014

კომისიამ შპს „ენერჯი გრუპის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო “ზენიტის“) სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად გამოაცხადა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის (ეს ინფორმაცია კონკურსის ჩატარების მომენტისთვის კომისიისთვის უცნობი იყო).  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

კომისიაში 2013 წლის 26 აგვისტოს, რადიომაუწყებლობის კონკურსის ჩატარების მომენტისთვის, შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაშიც აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა. ეს ინფორმაცია, როგორც უკვე ზემოთ ითქვა კომისიისთვის 2013 წლის ნოემბრის თვეში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც დაიწყო საჯარო ადმინისტარციული წარმოება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები