კომისიამ შპს „ინექსფონი“ წერილობით გააფრთხილა
შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,მაიფონის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ შპს ,,ინექსფონი“ ხელშეკრულებებს სავარაუდოდ აბონენტთა იდენტიფიცირების გარეშე აფორმებდა. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს “ინექსფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხი სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შესწავლილიყო.
2017 წლის 28 ივლისს ამოქმედდა კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესული ცვლილებები დისტანციური გარიგებების დადების წესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ შპს ,,ინექსფონისგან“ სააბონენტო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია, როგორც ახალი რეგულაციების დადგენამდე, ასევე, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდგომ პერიოდზე.
კომისიის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დისტანციური გარიგებების დადების შესახებ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ შპს ,,ინექსფონმა“ თბილისის გეოგრაფიული ზონისთვის გამოყოფილი ტელეფონის ნომრები გასცა აბონენტებზე, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ თბილისის ფარგლებს გარეთ არსებულ მისამართებზე და მათ სახელზე არ იყო რეგისტრირებული უძრავი ნივთი. ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ გეოგრაფიული სააბონენტო ნომრები გაიცემა იმ გეოგრაფიულ ზონაში, რომელშიც რეგისტრირებულია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი.
კომისიის მოკვლევს შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს ,,ინექსფონს“ სატელეფონო მომსახურების მიწოდების მიზნით თავისი ვებ-გვერდის მეშვეობით აბონენტების დარეგისტრირებისას არ დაუდია დისტანციური გარიგებები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა. მას ასევე, აბონენტებთან არ დაუდია წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების დადების ვალდებულების დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შპს ,,ინექსფონი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა და ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.