ნოემბერი 02, 2015 13:51

კომისიამ შპს „მობიტელის“( „ბილაინი“) წინააღმდეგ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე შპს „მობიტელის“ ( „ბილაინი“) წინააღმდეგ  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული ნ.ს. თავისუფლების აღკვეთამდე იყო შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) აბონენტი. თავისუფლების აღკვეთის შემდგომ,  მობილური ტელეფონი, სატელეფონო სიმ-ბარათთან (ნომრით 571 09 0X XX) ერთად  7-8 თვის განმავლობაში ინახებოდა საგამოძიებო სამსახურში და განმცხადებლის ოჯახის წევრები სატელეფონო ნომრის შენარჩუნების მიზნით, სააბონენტო ნომრის ბალანსზე სისიტემატურად რიცხავდნენ თანხას. მიუხედავად ამისა, სატელეფონო ნომერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთვა ნ.ს.-ს და გასხვისდა სხვა პირზე.  კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი მიიჩნევს, რომ ნ.ს. უკანონოდ ჩამორთვა სააბონენტო ნომერი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მსჯავრდებული ნ.ს. განცხადება დასაშვებად სცნო და წარმოებაში მიიღო. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღოს ვადაში მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები