სექტემბერი 14, 2015 17:20

კომისიამ შპს „მობიტელს“ („ბილაინი“) სანქცია დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელს“, ბრენდული სახლეწოდება „ბილაინი“ სანქცია დააკისრა - წერილობით გააფრთხილა.

საქმე ეხება საერთაშორისო ზარების დასრულებას სავარაუდოდ შეცვლილი ,,ა” ნომრით (ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ივნისის თვეში ჩატარებული მონიტორინგის  შედეგად ირკვევა, რომ სატესტო ზარები მობილურ კომპანიებში დასრულდა შპს „მობიტელის“ მეშვეობით,  „ა“ ნომრად დაფიქსირდა  რუსეთის სატელეფონო ნომრები. ივნისის თვეში შპს „მობიტელის“ მიერ საზღვარგარეთიდან საქართველოში დაასრულებული 9 222 761 წუთიდან,  3 943 846 წუთი ზემოაღნიშნული რუსული „ა“ ნომრებით (74957450506, 74957898516,  74957898629) განხორციელდა.

შპს „მობიტელის“ მიერ საზღვარგარეთიდან შემოტანილი საერთაშორისო ზარების ,,ა” ნომრის (ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი) სრული იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რის გამოც შპს „მობიტელი“ წერილობით გაფრთხილდა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები