ოქტომბერი 13, 2017 16:59

კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიმართ საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“  მიმართ საჩივარი განიხილა.

კომისიას განცხადებით აა(ი)პ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“,  მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, მპგ „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამდივნომ“ მიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის  და „იმედის“ ეთერში მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლების - „გაკეთდა თბილისისთვის“, შესწავლას და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათზე რეაგირებას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

კომისიამ საჯარო სხდომაზე ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის.  ვიდეო რგოლებით - „გაკეთდა თბილისისთვის“ -  კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს რეკლამირება ხდება და აქედან გამომდინარე, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  661 მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის  და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები - „გაკეთდა თბილისისთვის“ განთავსდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, თუმცა კომისიამ ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა (წერილობითი გაფრთხილება) არ გამოიყენა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები