მაისი 18, 2015 15:25

კომისიამ შპს „სტერეო +“-ის საკითხი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო +“-ის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის მშენებლობის პროცესის თაობაზე მონიტორინგის შედეგები განიხილა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებით შპს „სტერეო +“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად   გამოცხადებულ კონკურსში - №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებით,  გამარჯვებულად გამოვლინდა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, შპს „სტერეო +“-მა მის მიერვე წარმოდგენილი და კომისიასთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ციფრული მაუწყებლობაზე გადასასვლელად ქსელის მშენებლობა. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ადგილებში შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის მშენებლობის სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. შპს „სტერეო +“-ის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მშენებლობის შეფერხება გამოწვეულია რთული გეოგრაფიული რელიეფით და  კლიმატური პირობებით. კომპანიამ კომისიას ქსელის მშენებლობის ახალი გრაფიკი წარმოუდგინა, რომლის თანახმადაც ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის ფორმირების სამუშაობის დასრულების და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადა კვლავ 2015 წლის 17 ივნისია.

საკითხის განხილვის და მხარეთა პოზიციების გამოკვლევის შემდეგ, კომისიამ შპს „სტერეო +“ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის ფორმირების სამუშაოების ლიცენზიით განსაზღვრული გრაფიკის ვადების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა და, ამავე დროს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო +“ მიერ წარმოდგენილი ახალი გრაფიკის შესაბამისად №MUX-B და  №MUX-E ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები