წვდომის მენიუ

აგვისტო 18, 2017 18:59

კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი განიხილა.

„მედიის განვითარების ფონდმა“ ტელეიმედს სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით ხუთი ვიდეო რგოლი მიაწოდა, თუმცა ტელეკომპანიამ არასამთავრობო ორგანიზაციას უარის წერილით უპასუხა, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული რგოლები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული სოციალური რეკლამის დეფინიციას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებელსა და დამკვეთს შორის წარმოქმნილ დავას კომისია იხილავს.

ამავე კანონის თანახმად, სოციალური რეკლამა არის - საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

კომისიამ საკითხის შესწავლის, საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ მართალია წარმოდგენილი სადავო ხუთი ვიდეო რგოლი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა და თავისუფლება, ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებენ რეკლამის განმარტებას. ასევე, ვიდეო რგოლებში ზოგადად ხდება მნიშვნელოვანი ღირებულებების დეკლარირება და მათი შინაარსი არ ემსახურება კონკრეტული სოციალური პროექტის ან პროცესის რეკლამირებას დროის კონკრეტულ მომენტში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, რის გამოც, არ დაკმაყოფილდა ფონდის საჩივარი.

ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კომისიამ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ ვიდეო რგოლებში დეკლარირებული ღირებულებები წარმოადგენს საქართველოს იდენტობის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრის და ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ქვეყნების საერთო ფასეულობების ილუსტრირებას. შესაბამისად, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაცხადებული სწრაფვის პირობებში, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ვიდეო რგოლების ეთერში განთავსება სასურველია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები