ივნისი 18, 2015 11:00

კომისიამ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ „გაზეთ ბათუმელების“ საჩივრის განიხილვა შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გაზეთ ბათემელების“ მოთხოვნის საფუძველზე შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ საჩივრის განხილვა შეწყვიტა.

„გაზეთი ბათუმელების“ პრეტენზია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. „გაზეთ ბათუმელების“ 2014 წლის 8-14 დეკემბრის გამოცემაში წმინდა მატათა გიმნაზია-პანსიონის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო გიმნაზია-პანსიონის მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის უთანხმოებაზე. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ამავე თემაზე სიუჟეტი მომზადდა, სახელწოდებით: „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“. გაზეთის რედაქციის აზრით, სიუჟეტი სტატიის საპასუხო მასალას წარმოადგენდა, სადაც არ იყო დაცული ჯეროვანი სიზუსტე და უარყოფითად იყო წარმოჩენილი გაზეთის საქმიანობა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, „გაზეთმა ბათუმელებმა“ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჩივარი ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თვითრეგულირების ორგანოში შეიტანა და გავრცელებული ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. თუმცა, როგორც გაზეთის რედაქცია განმარტავს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ „ბათუმელების“ საჩივარი რეაგირების გარეშე დატოვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს, შესაბამისად, კომისიამ „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარი ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

საკითხის განხილვის არსებითი სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 16 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა, 2015 წლის 13 ივნისს შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ ინიციატივით შედგა შპს „გაზეთი ბათუმელების“ 2014 წლის 29 დეკემბრის საჩივრის განხილვა. გაზეთის რედაქციის განცხადების თანახმად, განხილვისას დაზუსტდა „გაზეთ ბათუმელების“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა, რის შემდეგაც  დაკმაყოფილდა ყველა პუნქტი.

„გაზეთი ბათუმელების“ ინფორმაციით, მათი უპირველესი მიზანი მაყურებლებისათვის ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდებაა. მიუხედავად შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ თვითრეგულირების ორგანოში საკითხის დაგვიანებული განხილვისა,  2015 წლის 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდა  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი რეგულაციების შესრულება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, შპს „გაზეთი ბათუმელებმა“ კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც დააკმაყოფილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და შეწყვიტა საჩივრის განხილვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები