წვდომის მენიუ

მაისი 29, 2017 14:31

კომისიამ ტელეკომპანია „GG TV“ და რადიო კომპანია „Georgian Day“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „GG TV“ (ი/მ მაკა სამუშია) და ინტერნეტ რადიო „Georgian Day“  ( შპს „მრ. ფაბლიშერ“) კანონით განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.

კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 

კომისიამ ორივე მაუწყებლის ზემოთაღნიშნული ვალდებულების თაობაზე გამაფრთხილებელი წერილი ორეჯერ გაუგზავნა, თუმცა არც ერთ მათგანს ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. ი/მ მაკა სამუშიას და შპს „მრ. ფაბლიშერს“, გარდა წერილობითი გაფრთხილებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა დაევალა.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები