ივნისი 05, 2015 15:37

კომისიამ ტელეკომპანია „რიონის“ ტელეკომპანია „მეგა ტივის“ წინააღმდეგ საჩივრების განხილვა დაასრულა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რიონის“ საჩივრები ტელეკომპანია „მეგა-ტივის“ წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „მეგა-ტივი“ წერილობით გააფრთხილა.

პირველი საჩივრის ფარგლებში, ტელეკომპანია „რიონის“ სადაოდ ხდიდა ტელეკომპანია „მეგა-ტივის“ მიერ სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული გავრცელების გეოგრაფიული ფარგლების დარღვევას, რითაც „რიონის“ აზრით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ირღვეოდა, ასევე დავის საგანი იყო  „მეგა ტივის“ გავრცელების არეალის თაობაზე არასათანადო რეკლამის განთავსება.

მეორე განცხადებით კი, „რიონი“ ასაჩივრებდა იმ გარემოებას, რომ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს ეთიკისა და სააპელაციო საბჭოების ორივე შემადგენლობაში ფიგურირებს ამავე კომპანიის ერთიდაიგივე თანამშრომლის სახელი და გვარი. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად კი თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის მისაღებად, სააპელაციო ორგანოს წევრს თვითრეგულირების ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების განხილვაში  არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.  სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. ტელეკომპანია „რიონის“ განმარტებით, „მეგა ტვ“-ს თანამშრომლი ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პირად. ასევე, ტელეკომპანია „რიონი“ სადაოდ ხდიდა ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის პროცედურული ნორმების დარღვევას.

კომისიამ საკითხების საჯარო განხილვის შემდეგ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რიონის“ საჩივრები და ტელეკომპანია „მეგა ტივი“ წერილობით გააფრთხილა გავრცელების არეალის თაობაზე არასათანადო რეკლამის განთავსების  და ასევე, თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის პროცედურული ნორმების დარღვევის გამო.

ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები